მამუკა არეშიძის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა

მამუკა არეშიძის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა

ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა. 

როგორც არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი საქართველოდან თურქეთში გადავიდა. მისივე თქმით, სავარაუდო მკვლელის შესახებ დეტალებს ფლობს, თუმცა ამ დეტალებზე ის ამ დროისთვის ვერ ისაუბრებს. 

"მაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის თურქეთში გადავიდა. შემსრულებლიდან დამკვეთზე გასვლა ადვილია. ამ საქმის გახსნა სწორედ დამკვეთების აქტიურობითა და კვალის დარჩენით მოხდება. მათ უკვე დატოვეს რამდენიმე კვალი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, ამ საქმეში იკვეთება ძალოვანების მონაწილეობა. 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.