"ლევან დოლიძე შესაძლოა, არ იყო მომზადებული დიპლომატად, მაგრამ საქართველოსთვის დიდი სამსახური გაწია“

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ნატო-ში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელ საღამოს დაეწრო.

როგორც აპატურაიმ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნა, ლევან დოლიძემ საქართველოსთვის დიდი მუშაობა გაწია.

„გამოსამშვიდობებელი საღამო ნატო-ში საქართველოს შესანიშნავ ელჩთან, ლევანთან და მის მომხიბვლელ მეუღლესთან, ქეთევანთან. ის შესაძლოა, არ იყო მომზადებული დიპლომატად, მაგრამ საქართველოსთვის დიდი სამსახური გაწია. ასევე, მქონდა სიამოვნება შევხვედროდი საქართველოს ელჩს ევროკავშირში, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად აშკარად ძალიან ბევრი გააკეთა“, - წერს აპატურაი.

ამასთან, იგი სოციალურ ქსელში ლევან დოლიძესთან, მის მეუღლესთან და ევროკავშირში საქართველოს ელჩთან, ნატალი საბანაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

ცნობისთვის, საქართველოს ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ვიქტორ დოლიძის ძმაა. მან თანამდებობა 26 იანვარს დატოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საგარეო უწყებაში აღნიშნულ კანდიდატურაზე მსჯელობა მიმდინარეობს და  ნატო-ში ახალი ელჩის ვინაობა ძალიან მალე გახდება ცნობილი.