ივლიანე ხაინდრავამ რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებთან ერთად, ბრიუსელში კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ივლიანე ხაინდრავამ რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებთან ერთად, ბრიუსელში კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ბრიუსელში ევროკავშირის, რუსეთის, საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია International Alert-ის მიერ იყო ორგანიზებული და მისი თემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული პოლიტიკის ასპექტები იყო.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, "კონფერენციაში აფხაზეთიდან, ევროკავშირიდან, რუსეთის ფედერაციიდან და საქართველოდან" როგორც ოფიციალური პირები, ისე ექსპერტები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.

"მე შევეცადე მეჩვენებინა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა ამ შეთანხმებაში აქტიურ და საპასუხისმგებლო მოთამაშის როლს თამაშობდა და ეს შეთანხმება აფხაზეთისა და რუსეთის ინტერესებს შეესაბამება. ის აფხაზეთის სუვერენიტეტის შემცირებას არ ითვალისწინებს", - განაცხადა ხინთბამ.

როგორც "ინტერპრესნიუსმა" გაარკვია,  კონფერენციაში საქართველოდან უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა მონაწილეობდა. უშიშროების საბჭოში ამ ინფორმაციას ადასტურებენ, ხოლო თავად ივლიანე ხაინდრავა ამ საკითხზე სავარაუდოდ, მოგვიანებით ისაუბრებს.