ალეკო ელისაშვილი - ამ საქმეზე ერთი პატარა კითხვაც კი არ უნდა დარჩეს, თუ არა და დაიხურონ ქუდი და წავიდნენ

ალეკო ელისაშვილი - ამ საქმეზე ერთი პატარა კითხვაც კი არ უნდა დარჩეს, თუ არა და დაიხურონ ქუდი და წავიდნენ

თბილისის საკრებულოს დეპუტატის,  ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები არ უნდა დარჩეს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

ელისაშვილმა მომხდარს სიცილიური დეტექტივი უწოდა და დასძინა, რომ იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მოვლენათა ჯაჭვი ძალიან საეჭვოდ განვითარდა. ელისაშვილი ხელისუფლებისგან მომხდარის ახსნას ითხოვს.

"ამ საქმესთან დაკავშირებით ერთი პატარა კითხვაც კი არ უნდა დარჩეს. თუ არა და დაიხურონ ქუდი და წავიდნენ! დაიხურონ ქუდი, გადმოვიდნენ იმ ჯიპებიდან, რომელებიც ხოშიანად მოირგეს! გადმოვიდნენ და წავიდნენ! ძალიან საეჭვო მოვლენათა ჯაჭვია ამ ყველაფერთან დაკავშირებით! ძალიან საეჭვო! ყველას გვახსოვს, რომ ხუთი დღის წინ კაცი გამოვიდა და იძახდა, რომ ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი მფარველობსო. ამის შემდეგ კი ასეთი სიცილიური დეტექტივი ხდება! გამოვიდნენ და ყველაფერი ახსნან", _ განაცხადა ელისაშვილმა. 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.