რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი კვლავაც გააგრძელებს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და აქცენტს მაღალი დონის ტექნოლიგებზე გააკეთებს. ამის შესახებ პუტინმა დღეს სამხედრო-სამრეწველო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, თანაც ისე, რომ არ ჩავებათ შეიარაღების ძვირადღირებულ მარათონში", - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა და დასძინა, რომ რუსეთს შესწევს ძალა, ეს გააკეთოს.
პუტინის განცხადებით, რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს შეიარაღებული ძალების და მთლიანად სამხედრო ორგანიზაციის გაძლიერებას. "ამ ყველაფრის გაკეთება აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს თანამედროვე, მობილური და კარგად აღჭურვილი თავისი მთავარი ამოცანის განსახორციელებლად, რაც არის რისკებისა და პოლიტიკური მუქარების და ჩვენი ქვეყნისადმი პოტენციური მუქარების ნეიტრალიზება", - განაცხადა პუტინმა.