საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი მისი შვილის მიმართ

საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი მისი შვილის მიმართ

კასპის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიას პოლიტიკოსები ეხმაირებიან. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი მისი შვილის მიმართ. შავგულიძის განცხადებით საქმე დროუკად უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი.

"მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს. თუ ეს არის მკვლელობა, მაშინ ეს არის ერთ-ერთი უსაზარლესი დანაშაული, რომელიც ჩვენ საერთოდ გვსმენია. აუცილებელია იგი რაც შეიძლება სწრაფად და სრულყოფილად იქნას გამოძიებული და საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. თუ ეს არის დანაშაული, დარწმუნებული ვარ ის გაიხსნება, დამნაშავე დადგინდება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება, მაგრამ მე ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საზოგადოება მანამდე გამოუტანს ჯერ კიდევ ანონიმ დამნაშავეს სასჯელს უმკაცრესი საზოგადოებრივი მიუღებლობის და გაკიცხვის სახით", - განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, როგორც ირინა ენუქიძემ გვაჩვენა დედობის მაგალითი, ისე იური ვაზაგაშვილმა მამობის.

"თუ ეს არის დანაშაული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სწორედ ამ გრძნობის შებღალვა და შეურაცხყოფაა, როდესაც მამა იბრძოდა დაედგინა სიმართლე მისი შვილი კანონიერად იყო ლიკვიდირებული თუ მოკლული უკანონოდ და ასეთ დროს მამის წინააღმდეგ ასეთი საზარელი დანაშაული ხდება, რა თქმა უნდა, ასეთ დროს საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი მისი შვილის მიმართ", - განაცხადა შავგულიძემ და სწრაფი და ეფექტური გამოძიების იმედი გამოთქვა.