რუსეთის ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა

რუსეთის ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა

პარლამენტის იურიდიული კომიტიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, რუსეთი ვერ შეძლებს მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის მიმართ იმის დამტკიცებას, რაც ბუნებაში არ ყოფილა.

ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ მარკინის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არის გადაგზავნილი და მას პასუხისგება მოუწევს.

"საქართველოს აქვს სარჩელი შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც მათ ბრალი ედებათ გენოციდის განხორციელებაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. მათი ბრალდება გნებავთ საქართველოს მიმართ, გნებავთ სააკაშვილის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ, გენოციდში არის სრულიად უსაფუძვლო და მე დარმწუნებული ვარ, რომ ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელი იქნება. ისინი ვერ შეძლებენ იმის დამტკიცებას, რაც ბუნებაში არ ყოფილა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მარკინმა გამოცემა Собеседник-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან სასამართლოს წინაშე წარსდგება 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

მისივე თქმით, რუსეთში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება "გენოციდის", "მკვლელობისა" და "ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების" ბრალდებით ჩატარდა.

მარკინის განცხადებით, ამ საქმის მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არის გადაგზავნილი.