მიმოწერა, რომელიც

მიმოწერა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა, საჯარო იყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განცხადებით, მიმოწერა, რომელიც დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ეს ინფორმა დამალული არ ყოფილა და საჯარო იყო.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას ნათია მიქელაძემ განაცხადა, ამის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისში გახდა ცნობილი, რომ რეგულარული ავიამიმოსვლა შეუზღუდავი სიხშირეებით თავის დროზე როგორც შეთანხმდა რუსულ მხარესთან ისე აღდგებოდა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რეგულარულ ავიამიმოსვლაზე რუსეთის მხრიდან გამოგზავნილი იქნა წერილი, სადაც საუბარი იყო შეუზღუდავი სიხშირით აღდგენილიყო ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

"ამაზე იყო მხოლოდ და მხოლოდ თანხმობა გაცემული", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

კითხვაზე, რა საკითხებია, რომელზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს და ამ დრომდე ვერ ხდება შეთანხმება, ნათია მიქელაძემ უპასუხა, რომ ეს არის სიხშირეები.

"რუსეთის მხარე აყენებს რა საკითხს, რომ სიხშირეები იყოს გაზრდილი, რადგან ამაზე არის მოთხოვნა, არის მგზავრთნაკადი, აქედან გამომდინარე, ისინი გვთხოვენ ამას. ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი, ამ ეტაპზე არსებული იმ ავიაკომპანიის ინტერესი, რომელიც დღესდღეობით არის მხოლოდ ერთი და რომელიც მოსკოვი-თბილისის რეგულარულ რეისებს ახორციელებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება იმას, რომ თავის დროზე, კერძოდ, სექტემბრის თვეში, "აეროფლოტმა" დაარღვია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, ამის თაობაზე ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ ამ ფაქტზე ქართულ მხარეს მყისიერი რეაგირება ჰქონდა და შესაბამის ორგანიზაციებს, მათ შორის იკაო-ს ეს წერილი მიუვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თუ ასეთი შემთხვევა განმეორდება, ქართული მხარის რეაგირება იქნება მყისიერი.

"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმოწერა დღეს გაასაჯაროვა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, 2014 წლის 26 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით, გამოუგზავნა ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის.

მისივე თქმით, აღნიშნულ ნოტაში, რუსეთის მხარე საქართველოს სთავაზობს ისეთ პირობებს, რომლებიც საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

"აღნიშნულ ნოტას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა 2014 წლის 8 ივლისის ნოტით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ უაპელაციო თანხმობა განაცხადა ყველა იმ პირობაზე, რომელთა დაკმაყოფილებასაც რუსეთი ითხოვდა", - განაცხადა ჯაფარძემ.