რუსეთთან ურთიერთობები კვლავ გამოწვევად რჩება

რუსეთთან ურთიერთობები კვლავ გამოწვევად რჩება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის შეფასებით, რუსეთის ქმედებები არამხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ გამოწვევას უქმნის მთელ ევროპას.

ამის შესახებ ბერუჩაშვილმა "პარტნიორობა ღია მმართველობისათვის" პროგრამის ფარგლებში, საგარეო უწყების ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენი მხრიდან გამოჩენილი კონსტრუქციულობის მიუხედავად, რუსეთთან ურთიერთობები კვლავ გამოწვევად რჩება. საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი დაძაბული ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით, კერძოდ, შემოიღო სპეციალური წარმომადგენლის პოსტი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში; უარი თქვა სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე და სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა შესთავაზა მოსკოვს; დაიწყო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაცია. ამ პრაგმატული მიდგომის შედეგად, მართალია, შესაძლებელი გახდა გარკვეული პოზიტიური დინამიკის შექმნა რუსეთთან ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში, თუმცა ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა პოლიტიკურ ასპექტებში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთი კვლავ განაგრძობდა უკანონო ქმედებებს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების განთავსებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და გასულ წელს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" და მუშაობს ასეთივე შეთანხმების დადებაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან.

"აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი რეგიონების დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯს და შესაბამისად შეფასდა კიდეც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ცხადია, ეს ყველაფერი არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს არის გამოწვევა, რომელსაც რუსეთი უქმნის მთელს ევროპას და თანამედროვე მსოფლიო წესრიგს, XXI საუკუნის ევროპაში საზღვრების თვითნებური შეცვლის გზით", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.