"სრული ვიზალიბერალიზაციის მომხრე ვარ, მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობების შესრულება აუცილებელია"

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებით, ეს საკითხი მას შემდეგ დასრულდება, რაც ევროკავშირის საბოლოო შეფასება დაიდება.

ამ საკითხზე საქართველოში ვიზიტით მყოფმა ავსტრიელმა დიპლომატმა ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. იოჰანეს ჰანს ერთ-ერთმა სტუდენტმა შეკითხვა დაუსვა რიგის სამიტის მოლოდინებსა და ევროპაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე, როგორც ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის შესაძლო ხელისშემშლელ ფაქტორზე.

"უკვე იცით, რომ ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზაზე ვართ, რასაც მივყავართ უვიზო რეჟიმამდე. მიმდინარეობს მეორე ფაზის განხილვა, რაც საბოლოოდ, საქართველოს გაცილებით მეტ წარმატებას მოუტანს. საქართველოს მოსახლეობას შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალება ექნება",-განაცხადა ევროკომისარმა.

ცნობისათვის, ევროკომისართან ერთად ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების შეკითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც პასუხობდა. ევროკომისარს რუსეთისთვის სანქციების შესაძლო მოხსნის თემაზე შეკითხვა ასევე დაუსვა საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა კუდავამ.