თბილისში, ონიაშვილის ქუჩის #14-ში მშენებარე კორპუსის მე-7 და მე-6 სართულების კედლები ჩამოინგრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ონიაშვილის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, მაია თავაძემ აცნობა, ონიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ჯერ მე-7 სართულის ერთი კედელი ჩამოინგრა, შემდეგ კი - მე-6 სართულის კედლის ნაწილი. ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიციის ბრიგადები.
თავაძის თქმით, მე-6 სართულის კედლის ჩამოშლას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც შეესწრნენ.
"კორპუსი უკანონოდ შენდებოდა და მაცხოვრებლები მის მშენებლობას ვაპროტესტებდით. მშენებლობა ისე მიმდინარეობს, რომ ძლიერი ქარისგან კედლები ინგრევა. მშენებლობის ჩამონგრევის საფრთხე კიდევ არსებობს და ონიაშვილის აღნიშნული მონაკვეთი გადაკეტილია. რამდენიმე ადამიანი ახლა პოლიციის განყოფილებაში ვართ ჩვენების მისაცემად", _ განაცხადა თავაძემ.
მისივე თქმით, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.