საფრანგეთის პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პოლიციამ წუხანდელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი დააკავა.

როგორც მანუელ ვალსმა რადიო RTL-თან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ახლა მომდევნო თავდასხმების აღკვეთაა.

როგორც "ბიბისის" საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა განუცხადა, პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა.

CNN-ის ცნობით, საფრანგეთის პოლიციამ ასევე აღმოაჩინა თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის საიდ კუაშის პირადობის მოწმობა.

საფრანგეთის პოლიციამ უკვე გამოაქვეყნა ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები. უცხოური მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ძებნა გამოაცხადეს ძმებზე - 34 წლის საიდ და 32 წლის შერიფ კუშადებზე. მესამე ეჭვმიტანილი კი 18 წლის ამიდ მურადია, რომელიც ფრანგული პრესის ცნობით, პოლიციას თავად ჩაბარდა და ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

CNN-ის ცნობით, შერიფ კუაში აქამდე უკვე არის ნასამართლევი. ის ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ჯიჰადისტ მებრძოლებს ერაყში აგზავნიდა.

ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

"ბიბისის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახეწლმიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

2011 წელს Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. "ბიბისის" ცნობით, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საფრანგეთში ეს ეროვნული გლოვის მეხუთე შემთხვევაა.

დღესვე, შუადღისით საფრანგეთში წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულებს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში კი ზარებს დარეკავენ.