საქართველოში, 10 იანვარს ღამით ყინვა იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში წუხანდელი ღამიდან თოვს. ასევე, თოვლია საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში. კერძოდ, მესტიაში, ფასანაურში, თიანეთში, გუდაურში, რიკოთზე, შოვში, ამბროლაურში, ბაკურიანში, თოვს გორშიც.
წვერავას თქმით, დღეს თოვა დაიწყო კოლხეთის დაბლობზეც. თოვლის ნალექი მოსალოდნელია ხვალაც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში. ამასთან, თბილისში დღეს, დღის ბოლოს დროგამოშვებით შესაძლოა მცირე თოვლი.
ასევე, დღეს საქართველოში ძლიერი ქარი იქროლებს. კერძოდ, დღეს დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20 მეტრი წამში იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში - 17-20 მეტრი წამში; თბილისში - 21 მეტრი წამში. ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ხვალ საქართველოში ქარი შესუსტდება და 10-15 მეტრი წამში იქნება. მაღალმთიან რაიონებში, 8-9 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ქარბუქიც.
10 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. თუმცა, ყინვა გაძლიერდება. კერძოდ, 10 იანვრის ღამეს კოლხეთის დაბლობზე ღამით მოსალოდნელია -5 გრადუსი, ზოგან -7 გრადუსი ყინვა. მთაში -13 და მაღალმთაში -18 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 10 იანვარს ღამით იქნება -7 გრადუსი ყინვა; შიდა ქართლში (ხაშური-გორი) -13; მთაში -15; მაღალმთაში -22 გრადუსი ყინვა.
საქართველოს ზამთრის კურორტებზე თოვლის ნალექი 10 იანვრამდე შენარჩუნდება.
11 იანვარს დასავლეთ საქართველოში ამინდი კვლავ შეიცვლება და არამდგრადი ამინდი ქვეყნის ტერიტორიაზე 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.