პარიზში ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ

პარიზში ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ

პარიზში, სატირული ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რედაქციაზე თავდასხმას გმობს. 

ჟურნალის რედაქციაზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც გაავრცელა. "ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე დღეს განხორციელდა. ეს იყო ბარბაროსული აქტი და აღმაშფოთებელი თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე", - ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში. 

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, პარიზში მომხდარი არ არის თავდასხმა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ ეს არის თავდასხმა პრესის თავისუფლებასა და თავისუფალ სიტყვაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი. საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.

სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელსაც განხორციელდა, როდესაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.