საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის აზრით, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია არ უნდა შეიქმნას.
დეპუტატის განცხადებით, პირადად ის აღნიშნული კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ანალოგიური განწყობა აქვთ ფრაქციის სხვა წარმომადგენლებსაც.
როგორც ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საყდრისის თემა იმდენად გაეხვა პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფორმატში ადგილი ექნება არა ჯანსაღ მსჯელობას, არამედ სპეკულაციურ-სკანდალურ ატმოსფეროში განხილვას.
"არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს არ არის პოლიტიკური კეკლუცობა. ეს არის ფიქრი იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას, სახელმწიფოს. არსებობს მეცნიერთა სერიოზული, კომპეტენტური ჯგუფები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ და არსებობს სამთავრობო სტრუქტურები, რომელთაც ხელეწიფებად ამ მოსაზრებების შეკრება, გაანალიზება და კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღება", - აცხადებს ვოლსკი.
პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხთან დაკავშირებით, დამსწრეთა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს. "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას ხმა "რესპუბლიკელების", "ეროვნული ფორუმის", "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და "ქართული ოცნების" ცალკეულმა წევრებმა მისცეს. ახლა დღის წესრიგში თავად კომისიის შექმნის და მისი ფორმირების საკითხი დგას, რისთვისაც მაღალი კვორუმი – სულ მცირე 76 ხმის მობილიზებაა საჭირო.
არ არის გამორიცხული საგაზაფხულო სესიის გახსნამდე, პარლამენტმა რიგგარეეშე სესიის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართოს, სადაც ერთ-ერთ საკითხად აღნიშნული თემაც იქნება გატანილი.