თბილისის მერმა საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მოსახლეობას შობა მიულოცა და ალილოს მსვლელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ალილო ტრადიციული და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. თბილისის მერია და საკრებულო აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში იმისთვის, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის საკითხში", - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერი პატრიარქის საშობაო ეპისტოლესაც გამოეხმაურა.
"პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ოჯახის სიმტკიცის, ძალადობის საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია. საქართველოში ადამიანებმა ერთმანეთისთვის მიტევება უნდა ვისწავლოთ. აგრესიას აგრესიით არ უნდა ვუპასუხოთ. ყურადსაღებია ასევე, რომ აგრესიის დიდი ნაწილი სოციალურ ნიადაგზეა წარმოშობილი. სიდუხჭირე და უმუშევრობა, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. თითოეული ჩვენთაგანის ვალია მეტი ვიმუშაოთ, ვიაქტიუროთ, რათა უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. პროექტები, რომელსაც მერია ახორციელებს, უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაზეა ორიენტირებული, რათა დასაქმებული ადამიანის ოჯახში უფრო მეტი შემოსავალი გაჩნდეს. ასევე ჩვენი სოციალური პროექტები შეჭირვებული ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ეს პრობლემები გადალახონ", - განაცხადა ნარმანიამ.