სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინვესტორთან შეთანხმება ვერ შედგა

სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინვესტორთან შეთანხმება ვერ შედგა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილმა გიორგი ჭანტურიაზე დაყრდნობით, რუსულ მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენება იგეგმება.

"მე ვიტყოდი ენერგეტიკულ კომპლექსს, ვიდრე ამ იდეას ჰაბის ფუნქცია მიეცემოდა. რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტროში გარკვეული მიწის ნასყიდობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. იყო ინვესტორი, რომელსაც გერმანელი პარტნიორები ჰყავდა. როგორც მე ვიცი, გიორგი ჭანტურია თავიდან იყო ჩართული, თუმცა შემდგომ ბოლო შეხვედრების დროს ნამდვილად არ მინახავს. იგეგმებოდა გარკვეული მემორანდუმის გაფორმება, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, არ გაფორმებულა. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ექნება", - განაცხადა ვალიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოლაპარაკებები სუფსის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მიმდინარეობდა, რათა შემდგომ ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური ქარხანა აშენებულიყო.

"ყოველ შემთხვევაში, იყო მობილური ტიპის ეტაპობრივად განვითარების პერსპექტივა. ბუნებრივია, საუბარი იყო მთავრობასთან გასაფორმებელ გარკვეულ მემორანდუმებზე, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, არ შედგა. მოლაპარაკებები საკმაოდ დიდხანს გაიწელა", - განაცხადა ვალიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულება მიწის გამოყოფის უზრუნველყოფა იყო.

"საკმაოდ მასშტაბური ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც ეს ხალხი გეგმავდა, რამდენად რეალური იყო, მე შეფასებისგან შორს ვარ, რადგან ნამდვილად არ ვიცი, იმ კონტრაქტების ბაზა, საიდან იქნებოდა ნედლეული მოწოდებული, რა იქნებოდა გასაღების ბაზარი, რადგანაც ეს ცალსახად მხოლოდ საქართველოსთვის არ კეთდება, რადგან ჩვენი ქვეყანა ამ მოცულობის პროდუქტების მომხმარებელი არ არის", - განაცხადა ვალიშვილმა.

მისივე თქმით, იმ დროს საუბარი იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელსაც, შესაძლოა, დამატებოდა ქიმიური მრეწველობა, მაგრამ მას საკმაოდ მოცულობითი გაზმომარაგება სჭირდება.

"იმ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი იყო ნავთობგადამამუშავებელზე. დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, მე მგონი 90-იანი წლებიდან. ეს იყო ინვსტორის ინტერესი, რომელსაც ამ პროექტის განხორციელების მიზნით ტერიტორიის შეძენა სურდა. როცა ინვესტორი მოდის, მან უნდა დადოს კონკრეტულად გარანტია, წარმოადგინოს ბიზნესგეგმა და ა.შ. აქამდე ვერ მივედით. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს ის კონკრეტული პროექტი, რომელიც განხორციელების უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფდა", - განაცხადა ვალიშვილმა.

რა შეეხება იმ ინფორმაციას, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბის აშენებას რუსეთის მონაწილეობით გეგმავს, მარიამ ვალიშვილს რუსების მონაწილეობაზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს და აცხადებს, რომ ინვესტორს გერმანელი პარტნიორები ჰყავდა.

"ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჰყავდათ გერმანელი პარტნიორები, რომლებიც საკმაოდ გამოცდილები არიან ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაში, ოპერირებაში", - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ეს თემა უკვე ბევრი თვეა არ გააქტიურებულა, თავად მოლაპარაკებები კი დაახლოებით, ერთი წლის წინ მიმდინარეობდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო რუსეთის მონაწილეობით სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენებას აპირებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sukhum-moscow.ru, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ წერს, პროექტის ავტორ გიორგი ჭანტურიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ენერგეტიკული ჰაბი გარკვეულწილად "მეგობრობის ხიდი" იქნება სამხრეთ კავკასიას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის. პროექტის ღირებულება 17 მილიარდი დოლარია და ინვესტორების მოზიდვა როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან იგეგმება. ენერგეტიკული ჰაბის ფორმირების პროცესში პირველი პროექტი სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა იყოს.