დეპუტატებს არ აქვთ ინფორმაცია, არღვევს თუ არა

დეპუტატებს არ აქვთ ინფორმაცია, არღვევს თუ არა "როსნეფტი" ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს

დეპუტატებს არ აქვთ ინფორმაცია, არღვევს თუ არა "როსნეფტი" ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს. ამ თემას დეპუტატები საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების დღემდე, ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურნენ.

ჟურნალისტის კითხვაზე - ფოთის პორტში იმ რუსული კომპანიის შემოსვლა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარედ შავი ზღვის შელფში ნავთობის მომპოვებელ სამუშაოებს აწარმოებს, არღვევს თუ არა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს?, დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა: "არ ვიცი, მხოლოდ თქვენი სიტყვა ვერ იქნება ჩემთვის სამტკიცი, რომ ეს ნამდვილად ასეა. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ეს კომპანია და რას აკეთებს, ამიტომ ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვისაც ინფორმაცია აქვს".

დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის თქმით კი, თუ "როსნეფტის" საქმიანობა აფხაზეთში დადასტურდება, ეს რა თქმა უნდა, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევა იქნება. "ამ ფაქტზე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და საკმაოდ კრიტიკულად ვუყურებ, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ასე მარტივად ვერ გააკონტროლებს, მით უმეტეს, რომ რუსული ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული თემაა. ეს იყო სააკაშვილის პოლიტიკა, ბენდუქიძის პოლიტიკა და ამის შესახებ ყველამ კარგად იცის", - განაცხადა კვაჭანტირაძემ. მისივე ინფორმაციით, "როსნეფტის" საკითხი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განხილვის საგანი არ ყოფილა.