Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-ის

Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-ის "როსნეფტზე" გასხვისების საკითხი ძალიან დელიკატური თემაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-ის რუსულ კომპანია "როსნეფტზე" გასხვისების საკითხი ძალიან დელიკატური თემაა.

როგორც ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ბიზნესის ოპერაციები, არის ძალიან რთული საკითხი.

"საქართველო აგრძელებს სერიოზულ მეთვალყურეობას. ფოთის პორტი არის ჩვენი სტრატეგიული ობიექტი და შესაბამისად, ის იქნება გახსნილი ყველასთვის და არ იქნება არანაირი შეზღუდვა. ამ თემას თვალყურს ადევნებს ყველა ის უწყება, ვისაც ეს საკითხი ეხება",- აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

კითხვაზე, არღვევს თუ არა "როსნეფტი"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ეს კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში საქმიანობს, თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, კანონის დარღვევა ამ ეტაპზე არ გვაქვს. "ეს კომპანია არ ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა მე ამ სფეროში ალბათ დაზუსტება დამჭირდება",- აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.