საბჭოზე ძირითადი აქცენტი ნატოს წლიურ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე და ასოცირების კომისიის შექმნაზე გაკეთდა

საბჭოზე ძირითადი აქცენტი ნატოს წლიურ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე და ასოცირების კომისიის შექმნაზე გაკეთდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელის ინფორმაციით, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველ სხდომაზე ძირითადი აქცენტი ორ თემაზე გაკეთდა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეს თემებია ნატოს წლიური ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც იანვრის ბოლომდე უნდა გადაიგზავნოს ნატოს შტაბბინაში და პარლამენტში ასოცირების კომისიის შექმნა.

"ასეთი თათბირების აუცილებლობა მუდმივად დგას, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება ერთად დაჯდეს, გაიაროს გასული წელი თავისი პლუსებით, მინუსებით, პრობლემებით და წარმატებებით და ასევე დაგეგმოს მომავალი წლის პრიორიტეტები. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა. ძირითადი აქცენტი ორ სასწრაფო ამბავზე გაკეთდა, რაც ახლავე უნდა მოხდეს. ეს არის ნატოს წლიური ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც იანვრის ბოლოს უნდა გაიგზავნოს და მის შესახებ იყო საუბარი და მეორე არის ასოცირების კომისია, რომელიც პარლამენტში უნდა შეიქმნას. მოგეხსენებათ სამთავრობო კომისია უკვე არსებობს, თუმცა რატიფიცირების შემდეგ ასეთი კომისია საკანონმდებლო ორგანოშიც უნდა გაკეთდეს. ეს იყო ორი კონკრეტული საკითხი, როემლიც სასწრაფოდ დგას დღის წესრიგში, მაგრამ ამის გარდა შევათანხმეთ 2015 წლის კალენდარი, უკვე დაგეგმილი ვიზიტები და ძირითადი პრიორიტეტები, რაც 2015 წლისთვის იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე იდეალური შედეგი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება ვიზიტების კალენდარს, ხიდაშელის ინფორმაციით, ერთ-ერთი თემა იყო სწორედ ის, რომ ყველა ვიზიტი დაიგეგმოს, რათა ვიზიტებს შორის სინქრონი არსებობდეს და დაიგეგმოს თანხვედრაში ან სიტუაციიდან გამომდინარე.

საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა და მას აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.