საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორის საბჭოზე 2015 წლის პრიორიტეტები განიხილეს

საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორის საბჭოზე 2015 წლის პრიორიტეტები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორის საბჭოზე, რომელიც დღეს პირველად გაიმართა, ყველა პრიორიტეტი განიხილეს , რაც აქტუალური იქნება 2015 წლისთვის.

როგორც საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა, დღეს პრემიერთან გაიმართა თათბირი საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, რომელზეც მიწვეული იყვნენ ექსპერტები, პრემიერის თანაშემწეები საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები.

"ჩვენი ამოცანა იყო განგვეხილა ყველა პრიორიტეტი, რაც აქტუალური იქნება 2015 წლისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ ვიზიტებზეც. რაც შეეხება პრიორიტეტებს, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად და ეფექტურად უნდა ავამოქმედოთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ინსტრუმენტები. ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და ნატოს სპეციალური პაკეტი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე პრიორიტეტული და მნიშვნელოანია რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე ის ვიზიტები, რომლებიც შედგება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე. ბერუჩაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ვიზიტები ევროპაში, აშშ-სა და რეგიონში. "უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი პარტნიორების ვიზიტების დინამიკაც იყოს შესაბამის დონეზე", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციების დუბლირება ამ საბჭოში, ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ეს ასე არ მოხდება, რადგან მისი თქმით, ყველა სამინისტროს აქვს თავისი ფუნქცია, ხოლო საგარეო პოლიტიკა არის მრავალგანზომილებიანი.