დიდთოვლობის გამო ყველაზე რთული ვითარება ყაზბეგისა და ნინოწმინდის რაიონებშია

დიდთოვლობის გამო ყველაზე რთული ვითარება ყაზბეგისა და ნინოწმინდის რაიონებშია

დიდთოვლობის გამო ყველაზე რთული ვითარება ყაზბეგისა და ნინოწმინდის რაიონებშია შექმნილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა განუცხადა.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეჩერებულია. ასევე ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, მოძრაობა შეზღუდულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სადაც მანქანები და ხალხია ჩარჩენილი. მათი გამოყვანა ამ დრომდე გრძელდება. ასე რომ, ყველაზე რთული ვითარება სწორედ ამ ორ რაიონში – ყაზბეგსა და ნინოწმინდაშია შექმნილი", - განაცხადა ნუგზარ გასვიანმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს დანარჩენ რაიონებში საავტომობილო მოძრაობა შენარჩუნებულია. "ერთადერთი, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ზვავსაშიშროების გამო დაწესდა შეზღუდვა ხაიში-მესტიის მონაკვეთზე", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ამინდს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები შედარებით გაუმჯობესებულია.