ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა

ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა

ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლენტეხისა და ცაგერის გამგებლებმა ამირან ჯამბურიძემ და რევაზ ბენიძემ განუცხადეს.

"დიდთოვლობის გამო გარკვეულ ადგილებში პატარ-პატარა ზვავი ჩამოდის, თუმცა ამ ეტაპზე საშიში არაფერია. არსებობდა საშიშროება, რომ ერთ-ერთ ზვავში მიკროავტობუსი მოყოლილიყო, თუმცა მან გაასწრო. შესაბამისად, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან", - განაცხადა ამირან ჯამბურიძემ.

მისივე განმარტებით, ლენტეხის გარკვეულ ადგილებში რამდენიმე ავტომანქანაა ჩარჩენილი, რომელთა სხვა ტერიტორიაზე გადასაყვანადაც მუშაობა მიმდინარეობს.

"ზოგიერთ მანქანას საბურავი არ უვარგა, ზოგიერთს სხვა პრობლემა აქვს, ამიტომ რამდენიმე მანქანა გარკვეულ ადგილებშია ჩარჩენილი, თუმცა ყველა თემში საგანგებო შტაბი მაქვს შექმნილი, ასე რომ, სიტუაციას ვაკონტროლებთ", - აღნიშნა ლენტეხის გამგებელმა.

ცაგერის გამგებლის განცხადებით კი, ლენტეხი-ცაგერის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი ზვავი მცირე ზომის იყო. "პატარა ზვავი ჩამოწვა. გზა უკვე გაწმენდილია. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ", - აღნიშნა რევაზ ბენიძემ.

ზვავი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურთან ჩამოწვა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადების გადაადგილება მცირე დროით შეფერხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის მოადგილემ, არჩილ ჯორჯაძემ განუცხადა, შეფერხება სულ 5-წუთიანი იყო და გზა მაშინვე გაიწმინდა.

"ორბელის უღელტეხილზე ზვავის ჩამოწოლის გამო გადაადგილების პრობლემა შეექმნა სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას. მისივე თქმით, შეფერხება სულ 5-წუთიანი იყო და გზა მაშინვე გაიწმინდა. რაჭა-ლეჩხუმში მთლიანობაში ამინდის მხრივ მშვიდი ვითარებაა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - განმარტა არჩილ ჯორჯაძემ.