პროკურორი გამორიცხავს, რომ რაულ უსუპოვს მკერდის არეში ნაჩხვლეტები ბალზამირების შედეგად ჰქონოდა

პროკურორი გამორიცხავს, რომ რაულ უსუპოვს მკერდის არეში ნაჩხვლეტები ბალზამირების შედეგად ჰქონოდა

გამორიცხულია, რომ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ უსუპოვს მკერდის არეში ნაჩხვლეტები ბალზამირების შედეგად ჰქონოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმის პროკურორმა რეზო ნადოიმ განუცხადა.

პროკურორის მტკიცებით, უსუპოვის ცხედარს, მისი ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე, ბალზამირება საერთოდ არ ჩატარებია.

"ბალზამირება ჭირუსუფლის მოთხოვნის საფუძველზე კეთდება. ეს არ შედის ექსპერტიზაში, დამატებითი მომსახურებაა. ბალზამირება კეთდება გვამის შენახვის მიზნით, ვინაიდან უსუპოვი აზერბაიჯანელი იყო და მეორე დღეს უნდა დაეკრძალათ, ოჯახს ბალზამირება არ მოუთხოვია და არც გაკეთებულა", - განაცხადა ნადოიმ და აღნიშნა, რომ მცდარია ჩაჩუას ადვოკატის განცხადება, თითქოს უსუპოვის ცხედარზე ნაჩხვლეტები ბალზამირებას უკავშირდება.

ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ განცხადება ბრალდებულ ლევან ჩაჩუას პროცესზე, ექსპერტიზის ბიუროს სანიტრის დაკითხვის შემდეგ გააკეთა.

პროკურორი კი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ასევე ასახულია უსუპოვის ცხედარზე დაზიანებები.

"ვიდეო გადაღებულია ჩაცმული გვამის ექსპერტიზაზე მიყვანიდან. გვამზე, კერძოდ მკერდზე, როდესაც ტანსაცმელს ხდიან და არაფერი პროცედურა დაწყებული არ არის, ჩანს ნაჩხვლეტები. ეს ვიდეომასალა გავუშვით სასამართლოში. უსუპოვის განბანაში მონაწილე მოლებმაც დაადასტურეს, რომ ეს ის ნაჩხვლეტებია, რომლებიც მათ შენიშნეს. ეს ნაჩხვლეტები სხეულზე ექსპერტიზამდე არსებობდა, ბრალდებულმა ექსპერტმა ჩაჩუამ კი, არაჯეროვნად ასახა დასკვნაში სხეულზე არსებული დაზიანებები. როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებაზე, იქ უნდა ყოფილიყო დეტალური აღწერა, რაც ჩაჩუას არ გაუკეთებია", - განაცხადა რეზო ნადოიმ.

ამასთან, ნადოის თქმით, ბრალდებული ლევან ჩაჩუა აცხადებდა, რომ ჟვანიასა და უსუპოვის გვამების დათვალიერების პროცესს ასევე ესწრებოდნენ სანიტრები და გვამებზე რაიმე სახის დაზიანების არსებობის შემთხვევაში ისინი ამას დააფიქსირებდნენ და შემდეგ განაცხადებდნენ ამის თაობაზე.

"დღეს დაიკითხა ერთ-ერთი სანიტარი არჩილ ჭიკაძე, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ არც შესაბამისი განათლება, არც ცოდნა და არც ვალდებულება არ ჰქონდა, დაეთვალიერებინა გვამები და დაეფიქსირებინა საეჭვო უბნები. მან განაცხადა, რომ გვამები მას არ დაუთვალიერებია, რადგან არ შედიოდა მის კომპეტენციაში, მან განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ ბრალდებულ ჩაჩუას მოვალეობა და პრეროგატივა. მოწმემ ისიც განმარტა, რომ შეასრულა მხოლოდ ტექნიკური სახის მოქმედებები, კერძოდ, გვამის გაკვეთა, თავის ქალის ტრეპანაცია და გვამის მოწესრიგება, ანუ გაკერვა. გვამების დათვალიერება და დაზიანებების განსაზღვრა კი იყო მხოლოდ ლევან ჩაჩუას მოვალეობა", - განაცხადა ნადოიმ.

პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმემ ისიც დაადასტურა, რომ ბალზამირება მხოლოდ ზურაბ ჟვანიას გვამს ჩაუტარდა და რაულ უსუპოვის გვამის გულ-მკერდზე არსებული ნაჩხვლეტები არანაირ კავშირში არ არის ბალზამირების პროცესთან, რადგან ბალზამირება მას არ ჩატარებია.