დიდთოვლობის გამო მესტიის 16 თემს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო მესტიის 16 თემს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო, მესტიის რაიონის 16 თემს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

ჟორჟოლიანის თქმით, მესტიაში ბოლო რვა დღეა თოვს, დღეს კი იმდენად დიდი ნალექი მოვიდა, რომ ელექტროენერგიის ხაზების აღდგენა-გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია.

მესტიის გამგებელი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სამი დღის მანძილზე მოგვარდება, თუმცა, მისივე თქმით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება გზებზე არსებულ მდგომარეობას, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა განუწყვეტლივ იწმინდება, ამ პროცესში საავტომობილო გზების დეპარტამენეტი და მთელი ცენტრალური ხელისუფლებაა ჩართული. ადგილზე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ამიტომ ცენტრალურ გზებზე ამ დროისთვის გადაადგილების პრობლემა არ არის, თუმცა ავტომობილებისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება აუცილებელია.

გამგებელის თქმით, ამ დროისთვის გადადგილება შეწყვეტილია უშგულის მიმართულებით, თუმცა გზის გაწმენდის პროცესში ტექნიკა ჩაერთვება და ჟორჟოლიანი ვარაუდობს, რომ ხვალისთვის გადადგილება უშგულისკენაც გახდება შესაძლებელი.

"რაც შეეხება მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგებას, მათ წინასწარ ჰქონდათ მომარაგებული პროდუქტები, თუ რაიმე პრობლემა იქნება, ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ ხელისუფლებას საქმის კურსში ჩავაყენებთ და შესაბამის დახმარებას გავუწევთ", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.