პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული მუხლის გაუქმებას გეგმავს

პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული მუხლის გაუქმებას გეგმავს

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არ უქმდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძემ მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსებობას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს და იქამდე, ვიდრე ქვეყნის მთავარ კანონში აღნიშნული ჩანაწერია, შესაბამისი ინსტიტუტიც ვერ გაუქმდება.

"მთლიანად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებაზე არ არის საუბარი და ვერც იქნება, რადგან ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. იქამდე, ვიდრე კონსტიტუციიითაა გათვალისწინებული, რომ საქართველოში მოქმედებდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ეს ინსტიტუტი, ცხადია, ვერ გაუქმდება", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, საუბარია "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან" მხოლოდ იმ მუხლის ამოღებაზე, რომელიც მაღალი თანამდებობის პირთა საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი კანონში 2013 წლის დასაწყისში, ახალი ხელისუფლების, კერძოდ კი, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ჩაიდო.

"პარლამენტის რამდენიმე წევრის მიერ არის ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობის წესებიდან იმ ნორმის ამოღებას, რომლითაც ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე; იმ თანამდებობის პირებისა, რომლებსაც განსაზღვრავს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლი. მარტო ამაზეა ლაპარაკი", - განმარტა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მეორე მუხლით განსაზღვრულ "თანამდებობის პირებში" იგულისხმებიან შემდეგი მაღალჩინოსნები: საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, მინისტრი და მისი მოადგილე, სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, პარლამენტის აპარატის უფროსი, გენერალური აუდიტორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ეროვნული მარეგულირებელი კომიიის წევრი, ცესკო-ს თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის მდივანი, სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე.