ექიმები გრიპის ვირუსის გააქტიურებას ელოდებიან

ექიმები გრიპის ვირუსის გააქტიურებას ელოდებიან

მედიკოსები იანვრიდან მარტის ჩათვლით გრიპის ვირუსის გააქტიურებას ელოდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე გამოჯანმრთელებით მთავრდება, მედიკოსები მოსახლეობას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი - გამოიწვიოს ლეტალური დასასრულიც კი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოსახლეობას გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავად გრიპის საწინააღმდეგო სეზონურ ვაქცინაციას ურჩევენ.

გარდა ამისა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გრიპის ფართო გავრცელებისას არაპირდაპირი დაცვის საშუალებების გამოყენებასაც ურჩევენ - კერძოდ ხელების ხშირად დაბანა საპნითა და გამდინარე წყლით, საცხოვრებელი ადგილის ხშირად განიავება და სველი წესით დალაგება. დაავადების შემთხვევაში კი ექიმები დაავადებულ ადამიანებს ურჩევენ დარჩნენ სახლში, რითიც დაიცვავენ საკუთარ თავს მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოებას - დაავადების გავრცელებისგან.

გრიპის ვირუსის გართულებების განვითარების რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნებიან გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი, დიაბეტით დაავადებულები, მცირე და ხანდაზმული ასაკის ადამიანები და ორსულები.