7 იანვარს ალილო ვარდების მოედნიდან დაიწყება

7 იანვარს ალილო ვარდების მოედნიდან დაიწყება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო 7 იანვარს, 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თანამშრომელმა ბარბარე რუხაძემ განუცხადა, მსვლელობას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე ექნება, ანალოგიური, როგორც წინა წლებში იყო.

მსვლელობაში მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას, კონკასთან მონაწილეთა ჯგუფი საპატრიარქოში მივა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავთ და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. აქ ერთი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც ალილოს მონაწილეებს ტბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები შობის პარაკლისს გადაიხდიან.

გზადაგზა მოსახლეობა ალილოში მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

ბარბარე რუხაძის თქმით, ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია ისევ აღდგა.