მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმებით მსჯავრდებულებს გასაჩივრების საფუძველს არ ვუზღუდავთ

მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმებით მსჯავრდებულებს გასაჩივრების საფუძველს არ ვუზღუდავთ

სამინისტროში ჩემი მოსვლის დღიდან შევეცადე მომეხდინა ყველა იმ პრობლემის იდენტიფიცირება, რომელიც ხელს უშლიდა ჩვენს სამინისტროს განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ძირითადი პრობლემა იყო, ის რომ სისტემა საჭიროებდა რეფორმირებას. მინისტრის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გაუქმდება და მის ბაზაზე პენიტენციური დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც მთლიანად ინტეგრირდება სამინისტროში და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება სამინისტროსა და მინისტრს.

"გამახვილებული გვაქვს ყურადღება უსაფრთოების სტანდარტების ამაღლებაზე, რომელიც შემდგომში საშუალებას მოგვცემს გავაფართოოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

სასჯელაღსრულების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გეგუთის მე-14 დაწესებულებაში მისი სტუმრობა და პატიმრებთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა". მისივე ინფორმაციით, 1200-მდე პატიმარი მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია იმით, რომ დრო როგორმე გაიყვანოს და მივიდეს დაღამებადე, რათა შემდეგ დაიძინონ. მინისტრის ცნობით, მათ არ ეძლევათ შრომისა და საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება.

"დაწესებულებებში გვინდა გავაკეთოთ პატარ-პატარა საწარმოები, რომელიც მსჯავრდებულს აუცილებლად მისცემს საშუალებას, რომ შემოსავლის წყარო გაუჩნდეს და დროც შეუმჩნევლად გავიდეს. ძირითადი პრობლემა დღეს დაწესებულებებში არის დროის გაყვანის პრობლემა ანუ უსაქმურობა", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

სასჯელაღსრულების მინისტრი კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი დარიგებული იყო და ორი კვირის ვადაში შენიშვნებს ელოდა. ე.წ. უდოს კომისიის გაუქმების საკითხის კომენტირებისას კი გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ადგილობრივი საბჭოები.

"მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსჯავრდებულებს ჩვენ არ ვუზღუდავთ გასაჩივრების საფუძველს. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაასაჩივრონ ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილება სასამართლოში", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.