ნოდარ ხადური:    ლარის კურსის ნახტომისებური ცვლილებები არ უნდა მოხდეს

ნოდარ ხადური: ლარის კურსის ნახტომისებური ცვლილებები არ უნდა მოხდეს

ლარის გაცვლითი კურსის ნახტომისებური ცვლილებები არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" თემის კომენტირებისას განაცხადა.

"ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც გაცვლით კურსზე მოქმედებს – ეს არის როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორები. საგარეო ფაქტორებზე ჩვენი წვდომა ნაკლებია, ეს არის ჩვენს მეზობელ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა, თუნდაც დღევანდელი მდგომარეობა, რაც ევროსა და დოლარს შორის დაფიქსირდა და ა.შ. საშინაო ფაქტორებიდან ეს დამოკიდებულია დოლარისა და ლარის რაოდენობის თანაფარდობაზე. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, 2014 წლის განმავლობაში არ გაუზრდია მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა იმდენად, რომ ამას გამოეწვია ლარის გაცვლითი კურსის რყევა. წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 3,9 პროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ გადავაჭარბეთ ბიუჯეტს, ბიუჯეტის დეფიციტი არის გაცილებით ნაკლები. მომავალი წელი ჩვენ უკვე სამ პროცენტზე გვაქვს დაგეგმილი", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 2015 წელს უფრო მეტად წარმატებული იყოს საქართველოს ეკონომიკა, ვიდრე 2014 წელს იყო.