ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძვნარიანში ხანძრის შედეგად ისმაილოვების საცხოვრებელი სახლი, ავტომანქანა და მიკროავტობუსი დაიწვა.
ხანძარი გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე გაჩნდა. ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადა სოფელში დროულად გამოცხადდა, მაგრამ, როგორც ოჯახის უფროსი ავგან ისმაილოვი აცხადებს, საყოფაცხოვრებო ნივთების, ეზოში მდგარი ავტომანქანისა და მიკროავტობუსის გადარჩენა მათ ვეღარ მოახერხეს. ავგან ისმაილოვი ვარაუდობს, რომ ხანძრის მიზეზი მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა.
ხანძრისგან დაზარალებული ოჯახი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მოინახულა და ისმაილოვებს დახმარებას დაჰპირდა.
"გუშინ გვიან ღამემდე ვერ დავიძინე, დაახლოებით 4 საათი იქნებოდა მეუღლის ყვირილი შემომესმა, უკანა ოთახში რომ გავიხედე სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ოთახებიდან სასწრაფოდ გავიყვენე შვილები და მეუღლე, შემდეგ კი სახანძრო გამოვიძახეთ. სამწუხაროდ, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, დაგვეწვა სახლი და ორი ახალი ავტომანქანა", - განაცხადა ავგან ისმაილოვმა.