ბერლინში უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო. ამის თაობაზე ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე" ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ოთხი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატები ბერლინში შეხვედრას მართავენ", - დაწერა გერმანიის საგარეო უწყებამ "ტვიტერზე.
ნორმანდიის ფორმატში გამართული შეხვედრის თემა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კრიზისის მოგვარებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს, ბერლინში ერთმანეთს შეხვდებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი. მხარეების მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება და რუსეთთან ურთიერთობები იქნება.