ოკუპირებული ახალგორიდან 6 თვის წინ გაუჩინარებული 19 წლის დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დავით ბაშარულის ცხედარი ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ იკოთს შორის, ადგილობრივებმა ხეზე ჩამოკიდებული ნახეს.
მოსახლეობა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ვარაუდობს, რომ 19 წლის ახალგაზრდა დიდი ხნის გარდაცვლილია და მისი ცხედარი აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ გუშინ საღამოს მიიტანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მტკიცებით, ამ ხნის განმავლობაში იკოთელები ცხედარს აუცილებლად შენიშნავდნენ.
ბაშარული 2014 წლის 4 ივნისს ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მილიციაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას შემდეგ დავით ბაშარულს ოჯახის წევრები და ახლობლები უშედეგოდ ეძებდნენ.