ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან დოლარის კურსი ოდნავ მოიმატებს და საბოლოოდ, 1.90 ლარის ფარგლებში დასტაბილურდება. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა "ინტეპრესნიუსს" ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის კომენტირებისას განუცხადა.
"როდესაც პანიკური აჟიოტაჟი იყო და 1 დოლარის ღირებულება 2 ლარს ასცდა, მაშინაც ჩანდა, რომ ეს წმინდა სპეკულაციური პროცესი იყო, შემდეგ რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი დასტაბილურდა. მაქსიმალური თამასა არის 1.90 ლარი – ამაზე ზემოთ რომ წავიდეს ლარი, ამის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს. იანვრის მეორე ნახევრიდან ალბათ, ისევ ოდნავ მოიმატებს და საბოლოოდ, ალბათ, პლუს-მინუს 1.90 ლარის ფარგლებში დასტაბილურდება", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, იანვრის მეორე ნახევრიდან ეკონომიკური აქტიურობა დაიწყება და რადგან საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, დოლარზე მოთხოვნილება შედარებით გაიზრდება, რამაც შესაძლოა, ლარი რამდენიმე პუნქტით კიდევ გააუფასუროს.
ამასთან, ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ იმ პროცესებთან დაკავშირებით მოკვლევაა ჩასატარებელი, როდესაც ლარის გაუფასურება მიმდინარეობდა.
"მთელ ამ პროცესებში აუცილებლად შესასწავლია იმ დღეებში რა მოხდა, რადგან ამ ყველაფერს ხელოვნურობის ელფერი დასდევდა და არ მგონია, რომ ეროვნულ ბანკსა და სხვა ინსტიტუტებს არ ესმოდათ თუ რა პროცესებთან გვქონდა საქმე. გამოძიება მძიმე სიტყვაა, ამის ხსენება არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ რამდენიმე დღეზე მოკვლევაა ჩასატარებელი, როდესაც ლართან დაკავშირებით ისტერიკა იყო. მე მგონი, შესაძლებელია, იმის ნახვა, თუ ვინ ისარგებლა ამ პროცესებით ყველაზე მეტად. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შესასწავლია და ასეთი რაღაცეები ნორმალურ ცივილზებულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, ფინანსური სფერო ისეთია, რომ "ქოთანს ყურს საიდანაც გინდა, იქედან მიბმა" და ახსნა ათასნაირად შეგიძლია, მითუმეტეს, როდესაც საქმე გაქვს ისეთ საზოგადოებასთან, რომელსაც ამის ბევრი არაფერი ესმის და მათი "დაბოლება" ძალიან ადვილია.
"რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჰქონდა თავისი ობიექტური გარე მიზეზები, რომელიმე ერთი მიზეზით ახსნა ამ ყველაფრის შეუძლებელია. ეს არის მიზეზთა მთელი წყება, რომლებიც რაღაც მომენტში ერთმანეთთან იკვეთება და ბიძგს აძლევს რაღაც პროცესს. რა თქმა უნდა, გარე მიზეზი იყო გარკვეულწილად, თუმცა შიდა მიზეზები საკმაოდ ბევრი გაქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ არაფერი კატასტროფული არ მომხდარა და ახლა ლარის არის ისეთ ნიშნულზე, რაზეც ეკონომიკური და ფინანსური ლოგიკიდან გამომდინარე, უნდა იყოს.
"არაფერი არ არის მოსალოდნელი, თუ რა თქმა უნდა, რაღაც ფორსმაჟორი არ მოხდა, ანუ რაღაც პანიკური უცნაური პროცესები არ დაიწყო", - დასძინა ხუხაშვილმა.
ლარმა გაუფასურება გასული წლის ნოემბერის ბოლოდან დაიწყო. 2013 წლის 1-ელ ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,67 ლარი იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის შეძენა 1.88 ლარად არის შესაძლებელი. 1-ლი იანვრის შემდეგ ბანკთა შორის ვაჭრობა არ გამართულა. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი სავარაუდოდ, დღეს, 17:00 საათისთვის დაადგენს.
რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათ უმეტესობაში 1 დოლარს 1.85 ლარად ყიდულობენ, ხოლო დოლარის გასაყიდი ფასი 1.88 ლარია.