მამა ილია კარტოზიას ახლობლები მის დანაბარებს იხსენებენ

მამა ილია კარტოზიას ახლობლები მის დანაბარებს იხსენებენ

ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გმირულად დაღუპული ქართველი სასულიერო პირის ანდერძის თანახმად, ის მცხეთის მამათა მონასტერში უნდა დაიკრძალოს.

გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ოჯახმა მამა ილიას მცხეთაში დაკრძალვის შესახებ თანხმობა სასულიერო პირებს უკვე მისცა.

„მამა ილია ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობდა სიკვდილზე. ახლობლებს ყველას გვითხრა და ოჯახიც გააფრთხილა, რომ გარდაცვალების შემდეგ ის მცხეთაში, იმ ტაძრის ეზოში დაეკრძალათ, სადაც მსახურობდა. ძალიან გვაშინებდა მისი ხშირი საუბარი სიკვდილზე, თითქოს იცოდა, რომ მოკვდებოდა“, - აცხადებს გარდაცვლილი სასულიერო პირის ნათესავი.

ილია კარტოზია ზუგდიდიელია, ის ზუგდიდში მაცხოვრისკარის ეკლესიის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა. პატარაობიდან სწორედ ამ ტაძარში დადიოდა, შემდეგ კი აქვე დაიწყო მსახურება.

27 წლის არქიმანდიტი ბოლოს მცხეთაში დავით აღმაშენებლის სახლეობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

გარდაცვლილი ქართველი სასულიერო პირის ცხედარს თბილისში სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გადმოასვენებენ. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ყველა აუცილებელი იურიდიული პროცედურა.

იტალიური მედიიის ცნობით, ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ მომხდარი კატასტროფის დროს მამა ილია კარტოზიამ საკუთარი ადგილი სამაშველო ნავზე ბავშვიან ქალს დაუთმო.

სასულიერო პირი მაშველებმა დამხვრჩალი იპოვეს.