ოთხ რელიგიურ კონფესიას დაფინანსება გაუორმაგდება

ოთხ რელიგიურ კონფესიას დაფინანსება გაუორმაგდება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, იმ კონფესიებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებთ, 2015 წელს დაფინანსება გაუორმაგდებათ. ამის შესახებ ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებს ოთხი რელიგიური კონფესიის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ვაშაყმაძემ აღნიშნა, მომავალში გაგრძელდება პარტნიორობა და თანამშრომლობა კონფესიებსა და სახელმწიფოს შორის.

რაც შეეხება კითხვას, მხოლოდ ოთხი კონფესიის დაფინანსება ხომ არ არის დისკრიმინაციული სხვა კონფესების მიმართ, ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ არ არის, რადგან ეს პროცესი საიდანმე უნდა დაწყებულიყო.

ვაშაყმაძე არ გამორიცხავს, რომ დღეს არსებულ ოთხ კონფესიას, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, კიდევ 2-3 კონფესია დაემატოს. "ამაზე მიდის მუშაობა და ანალიზში სტატისტიკური აღწერის შედეგები დაგვეხმარება" - განაცხდა ვაშაყმაძემ.

რაც შეეხება საკითხს, თუ რაში დაიხარჯება თანხები, ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ ეს გაწერილია ხელშეკრულებაში, რომელიც სააგენტოსა და ოთხ კონფესიას შორის არის გაფორმებული. თანხა ძირითადად მოხმარდება კულტურულ, საქველმოქმედო, სარესტავრაციო, საგანმანათლებლო, რელიგიურ მსახურებას.

როგორც ვაშაყმაძემ აღნიშნა, ოთხმა რელიგიურმა კონფესიამ - სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმთა და ებრაელთა თემებმა სახელმწიფოსგან გამოყოფილი დაფინანსება უკვე მიიღეს.