ლარს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით, ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში ის კიდევ უფრო გამყარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულს საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი ექსპერტებიც ადასტურებენ, რომლებთან შეხვედრა დღესაც გამართა.
"ჩვენი ოპონენტები და ზოგიერთი ექსპერტი ამბობდა, თითქოს ლარის კურსის გაუფასურება საგარეო ინვესტიციების შემცირებამ გამოიწვია, თუმცა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში დღეს გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი და მცდლეობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზეგავლენას ლარის კურსზე, ბიუჯეტიდან, მინდა გითხრათ, რომ ხარჯები გაიწევა გაწერილი გეგმის ფარგლებში. ეს არ იქნება გადასახადების სახით ამოღებულ თანხაზე მეტი. მინდა დავაკონკრეტო, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 3,5 %-ზე ნაკლები, ნაცვლად დაგეგმილი 3,7 %-ისა. შესაბამისად, ეს ფაქტორიც არ მოახდენს გავლენას ლარის კურსზე, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები უპასუხისმგებლოდ გვიმტკიცებდნენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რაც "ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია".
"შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდება ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით. გაუფასურებას მოჰყვება გამყარება და პირიქით. ლარის კურსის მერყეობა ჯდება სტაბილური ვალუტებისთვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში. ამას ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. მათ დღესაც შევხვდი და დაადასტურეს, რომ ლარს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით, ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გამყარდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.