საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში ვიქნები დამოუკიდებელი, ობიექტური, მიუკერძოებელი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში ვიქნები დამოუკიდებელი, ობიექტური, მიუკერძოებელი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში ვიქნები დამოუკიდებელი, ობიექტური, მიუკერძოებელი. გადაწყვეტილებებს მივიღებ პრინციპულად, - აღნიშნულ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილი მერაბ ტურავა აკეთებს. მას დღეს ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" მოუსმინეს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, გააგრძელებს სამეცნიერო სფეროში საქმიანობას და, ასევე, შეეცდება ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო კონტროლის და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხების განვითარებას და დახვეწას.

მერაბ ტურავა რამდენიმე წლის წინ მის, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და კიდევ სამი მოსამართლის წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინარულ სამართალწარმოების საქმესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესი სრულიად დაუსაბუთებლად, უკანონოდ და უსამართლოდ განხორციელდა, რაზეც სათანადო დასკვნას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აკეთებენ. მერაბ ტურავას თქმით, უზენაესი სასამართლოს ოთხმა ყოფილმა მოსამართლემ უკვე მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. მათი სარჩელი ჯერ განხილული არ არის, თუმცა ტურავას იმედი აქვს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, ფრაქციის მხრიდან ტურავას წარდგენა მოხდა არა საკომპენსაციოდ, იმის გამო, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, არამედ ფრაქციამ კანდიდატურა სამართლის პრინციპებისადმი ერთგულების გამო შეარჩია. მას მომავალ კვირას იურიდულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებზე მოუსმენენ.