ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არ არსებობს სახელმწიფო, სადაც მოქალაქეები მოსმენებთან დაკავშირებით არ შფოთავდნენ და საქართველო მათ შორის გამონაკლისი არაა.
ივანიშვილის თქმით, ის რაც პარლამენტში ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების საკითხის გადაწყვეტისას ხდებოდა, დამოკრატიულობის ტრიუმფი იყო და "საკუთარი უნარის ჩვენება ყველა მოქალაქემ თუ პარტიამ მოახერხა".
"ვერ ნახავთ სახელმწიფოს, რომელშიც მოქალაქეები არ შფოთავდნენ, რომ მათ შეიძლება უსმენდნენ. საქართველოც არაა გამორჩეული, მაგრამ ჩვენ უარესების რიცხვში არ ვართ. ვერცერთი კანონი ვერ იქნება საბოლოო, ყველა კანონი საჭიროებს განვითარებას და ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, რომ ეს კანონი მომავალში დაიხვეწოს, საზოგადოება კიდევ უფრო დაწყნარდეს და კიდევ უფრო დაბალანსებული კანონის მიღების საშუალება გვექნება. ნახევრად იუმორით გეტყვით კიდევ რა დიდი პოზიტივი ჰქონდა ამ კანონპროექტის განხილვას. "რესპუბლიკელებმა" და პრეზიდენტმა მოახერხეს და ძალიან მოკლე დროის განმავლობაში ახალი პროექტების ბევრი ვარიანტი წარმოადგინეს. ზოგადად ახალი ხელისუფლება როდესაც მოვიდა, ორი წლის განმავლობაში საქართველოს საექსპორტო პოტენციალი გაიზარდა და ყველა მიმართულებით პრაქტიკულად გაიზარდა. ერთადერთი ჩავარდნა რაც გვქონდა, "ნაციონალური მოძრაობის" შემდგომ რეფორმების ექსპორტი პრაქტიკულად გაჩერებული იყო. რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით და დღეს "რესპუბლიკელებისა" და პრეზიდენტის აქტიურობით ჩვენ შეგვიძლია ესეც ავინაზღაუროთ. ამდენი სიახლის რეალიზება შეიძლება მოვახდინოთ გარეთ და დავეხმაროთ ევროპას და ამერიკას" - განაცხადა ივანიშვილმა