„საქართველოს ეკონომიკის პრობლემები ამ ეტაპზე ლარის კურსის ცვლილებაში გამოიხატა“

„საქართველოს ეკონომიკის პრობლემები ამ ეტაპზე ლარის კურსის ცვლილებაში გამოიხატა“

როგორც საბიუჯეტო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ამ ყველაფერს გარკვეული მკურნალობა სჭირდება“.

ონოფრიშვილის თმით, მას როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ფინანსთა მინისტრთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს და ამ საკითხზე მაქსიმალურ ინფორმაციას იღებს.

„ეკონომიკას რა პრობლემებიც აქვს, ასე ვთქვათ, ლარის კურსის ცვლილებაში გამოიხატება. მსოფლიოში სრულად ჯანმრთელი ეკონომიკა ალბათ, არავის აქვს. ეკონომისტებს უყვართ შედარება ავადმყოფთან. როცა დაავადებულია ვინმე, პულსაცია შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მაღალი, ან იცვლებოდეს, იმიტომ, რომ გარკვეული პრობლემები აქვს. ეს პრობლემები საქართველოს ეკონომიკისა ამ ეტაპზე სწორედ გაცვლით კურსში გამოიხატა და ცხადია, გარკვეული მკურნალობა სჭირდება. არის როგორც საგარეო, ისე შიდა ფაქტორები. ეს მრავალფაქტორიანი პრობლემაა. ეს არ არის, რომ რაღაც ერთი რამის გამო ხდება დღეს გაცვლითი კურსის ცვლილება. ამიტომ, ცხადია ამაზე კომიტეტში ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ყველა მეზობელ ქვეყანაში ხდება გაცვლითი კურსის ცვლილება და დოლარი მყარდება.

„რიგი ფაქტორები, როგორიცაა გარკვეული ინვესტიციების სიმცირე, სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების შემცირება, როცა ოჯახებს ეხმარებიან, თვითონ რუსეთში პრობლემებია და ყველაზე დიდი გადმორიცხვები იქიდან იყო. ეს ყველაფერი შემცირებულია. ასევე შემცირებულია ექსპორტი და გაზრდილია იმპორტი. არის წმინდა ეკონომიკური პრობლემები, რაც ამაზე დამატებით გავლენას ახდენს, მაგრამ თითონ ეს საკითხი, არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში განსჯის საკითხი იყოს. მოსმენილ იქნას და არგუმენტირებული პასუხები იყოს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან“, - განაცხადა ონოფრიშილმა.

მისივე თქმით, მდგომარეობა მარტივი არ არის, რადგანაც, რეალურად კურსი შეიცვალა.

„ჩვენ კიდევ საახალწლო პერიოდი გველის წინ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არ მგონია კიდევ ძალიან შორს წავიდეს ეს კურსი. მგონია, რომ ამჯერად რაღაც პიკის ფარგლებშია“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

კითხვაზე, დაუბრუნდება თუ არა გაცვლითი კურსი ძველ ნიშნულს, ონფრიშვილმა მიუგო, რომ სავარაუდოდ, არა.

რაც შეეხება იმას, ახდენს თუ არა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გავლენას ლარის კურსის ცვლილებაზე, რადგან  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გარკვეული თანხა დასახარჯი დარჩა, ონოფრიშვილმა უპასუხა, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი არ არის.

„ბიუჯეტი არათანაბრად იხარჯება ზოგადად 2 წელია და ეს თვითონ პრობლემაა ბიუჯეტისთვის და გარკვეულ გავლენას კურსზეც ახდენს, მაგრამ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. შეგვიძლია ერთ-ერთ ფაქტორად ვიგულისხმოთ. ზოგადად, მომავლისთვის უფრო უკეთესი დაგეგმვა უნდა იყოს. ეს არ ეხება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს. ეს ეხება იმ უწყებებს, რომლებიც რეალურად მთავრობის სხდომაზე, პარლამენტში ითხოვენ სახსრებს და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ფული არის ანგარიშზე და ისინი ამას ვერ ხარჯავენ. ცხადია, ეს არის გარკვეული სახის პრობლემა, რომელიც უკვე 2 წელია, გრძელდება“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

მისი თქმით, 2015 წელს პარლამენტიც და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიც დააკვირდება, რომ გადანაწილება და ბიუჯეტიდან ხარჯვა უფრო მეტი თანაბრობით გამოიხატებოდეს, ვიდრე ეს იყო 2013-2014 წლებში.