ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი

ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი

ირაკლი ალასანია იყო ის პიროვნება და მინისტრი, რომელსაც მე ვიცნობ დიდი ხანია, სწორედ რომ პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და მე არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ირაკლი ალასანიას მხრიდან მისთვის სულმოკლე ადამიანად შეფასებას შეეხებოდა.

"ნაციონალური მოძრაობიდან" დაწყებული თემაა, ყველა მათგანი ამას აცხადებს. მე ამას სერიოზულად აღარ ვღებულობ. ასეთ უმეცარ გამონათქვამებისთვის არასდროს არ მიპასუხია. მსგავსი გამონათქვამი გააკეთა პრეზიდენტმა, მას ძალიან მოკლედ ვუპასუხე. ვინც ამას ამბობს, თუ ამას სერიოზულად ფიქრობს, მან არ იცის რა არის მართვა, არ იცის რა არის მენეჯმენტი, მე არ მინდა კრიტიკას კრიტიკით ვუპასუხო, მაგრამ ირაკლი ალასანია იყოს ის პიროვნება და ის მინისტრი, რომელსაც მე ვიცნობ დიდი ხანია. სწორედ რომ პრობლემები ჰქონდა მენეჯმეტში და მე არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, მენეჯმენტში პრობლემა იყო ის, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შს სამინისტრომ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ ერთ-ორ კვირაში გადაალაგეს კვების საკითხი და საუკეთესო კვება დაუნიშნა თავის თანამშრომლებს.

"ირაკლი ალასანიამ ეს ვერ მოახერხა, ერთი წლის განმავლობაში ოთხი ტენდერი ჩაშალა, ისევ ძველი კომპანია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა დაფუძნებული ისევ ეს კომპანია ემსახურებოდა. ბევრი მოიწამლა და დიარეა ჰქონდა ჯარისკაცებს, ეს არის ცუდი მენეჯმენტის შედეგი. ჩემი აზრით, ირაკლი ალასანია უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ალასანიას არჩევნების პერიოდი შეახსენა.

"არჩევნების დროს ირაკლი ალასანიას სამეგრელოს რეგიონი ჰქონდა ჩაბარებული. მისივე ინიციატივით, ეკა ბესელიამ კი მოისურვა, რომ ფოთში ის ყოფილიყო და ეს რეგიონი ალასანიას არ დაქვემდებარებოდა. ეკა ბესელიამ გაიმარჯვა კიდეც, ყველგან წავაგეთ სამეგრელოში. ამ დროს რეგიონი იყო მომართული და ეს ზუგდიდის აქციამაც აჩვენა. მათ განწყობაც ჰქონდათ და ჩვენ სხვა შედეგებს ველოდით, თუმცა ვერ გაიმარჯვა ვერც ერთ ადგილას, ამავდროულად ვერც ერთი დარღვევა ვერ დააფიქსირა. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ შეკითხვები მაქვს სამეგრელოსთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მიზეზი წარუმატებლობისა, სუსტი მენეჯმენტის და კიდევ რაღაცეების ბრალი შეიძლება იყოს. ასეთი უაზრო გამონათქვამების შემდეგ ვახსენებ ირაკლი ალასანიას ამ ყველაფერს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.