ბოლო დროს, საქართველოში ისევ გახშირდა მანქანების გატაცების შემთხვევები. ამ ეტაპზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის კრიმინალის იმ მასშტაბებზე, რაც ადრე, თუნდაც იმ პერიოდში იყო, როდესაც ცხინვალში გატაცებული მანქანის გადაყვანა ბევრად უფრო ადვილი იყო.
ავტომანქანების გატაცების შემთხვევების გაზრდით, უპირველესად ცხინვალის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქართველები არიან შეშფოთებულები, რადგან მათ კარგად ახსოვთ, რომ სულ 2–3 წლის წინ, საკუთარი თვალით ხედავდნენ, როგორ გადაჰყავდათ მოპარული მანქანები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ამის გამო, მათაც უამრავი პრობლემა ექმნებოდათ ხოლმე.
ჩვენ გავესაუბრეთ დიდი ლიახვის ხეობაში მცხოვრებ, 47 წლის ქართველს, რომელსაც სეპარატისტებმა სახლი ჯერ კიდევ შარშანწინდელი ომის დროს დაუწვეს. ამის შემდეგ, ის ფაქტობრივად უსახლკაროდ დარჩა, თუმცა ინკოგნიტოდ დარჩენის პირობით, არ გვიმალავს იმას, რომ იგი მთელი 3 თვის მანძილზე, ოსი მეგობრის დახმარებით, ქალაქ ცხინვალში პროფილაქტიკაში მუშაობდა ხელოსნად. ბატონი ვაჟა, ცხინვალში გატარებულ დღეებს მეტად საინტერესოდ იხსენებს.
ვაჟა, 47 წლის: “ჩემმა ნათესავებმა არც კი იცოდნენ ცხინვალში რომ ვმუშაობდი. ყველას ეგონა, რომ ქუთაისში ვიყავი სამუშაოდ წასული. ჩემს ოს მეგობარს პროფილაქტიკა აქვს ცხინვალში და ბლომად ფულსაც შოულობს, რადგან მთელს ქალაქში სულ ორი ადგილია, სადაც მანქანის გაკეთება შეიძლება. მთავარი ის იყო, რომ ქართულად არ უნდა მელაპარაკა, რასაც რა თქმა უნდა ვაკეთებდი. სხვა მხრივ კი, არავინ არაფერს მერჩოდა. ანდა რას დამიშავებდნენ, როცა რამდენიმე კაცის გარდა, არავინ იცოდა ვინც ვიყავი.
კლიენტები ძირითადად რუსები იყვნენ. აბა სხვა ვინ იქნებოდნენ, როცა დღეს ცხინვალში მოსახლეობის 80% სწორედ რუსია. ფულს ყოველთვის იხდიდნენ. იყვნენ ისეთები, რომლებსაც გადახდა არ უნდოდათ, მაგრამ გავლენიანი ახლობლების ჩარევით, იმათაც ახდევინებდა ჩემი ძმაკაცი. მოპარული მანქანებიც ბევრჯერ მოუყვანიათ, თუმცა ძირითადად ვლადიკავკაზიდან მოპარულები ჩამოჰყავდათ. ბევრი მისტიროდა იმ დროს, როცა თბილისიდან მოჰყავდათ მოპარული მანქანები და კარგ ფულს შოულობდნენ.
თქვენს გარდა, ქართველი არავინ გინახავთ ცხინვალში?
– რას ამბობ კაცო, რა ქართველი? რომც ყოფილიყვნენ, ვინ იტყოდა ქართველი ვარო? ანდა, სად უნდა მენახა, როცა პროფილაქტიკაში ვიყავი სულ და ღამეც, იქვე, პატარა ოთახში გვეძინა. ბევრჯერ მომისმენია, ქართველებს რომ აგინებდნენ ოსებიცა და რუსებიც, მაგრამ ხმის ამოღებას როგორ გავბედავდი? გავბედავდი და ტყვია მქონდა ეგრევე შუბლში.
სამ თვეზე მეტ ხანს რატომ არ გაჩერდით ცხინვალში?
– ეს სამი თვეც სულ ეკლებზე ვიჯექი, მაგრამ, კარგ ფულს ვშოულობდი და იმიტომაც გავძელი ის დრო. როგორია, მტრის მხარეზე მუშაობ, ყოველდღე ქართველების გინებას ისმენ და ხმის ამოღების საშუალებაც არა გაქვს. ეგეც რომ არ იყოს, მეც მეშინოდა კაცო. კოკა ყოველთვის კი არ მოიტანს წყალს. დარჩენას კი მთხოვდა ჩემი ძმაკაცი, მაგრამ მაინც წამოსვლა ვარჩიე. ჩემმა ცოლმა რომ გაიგო სადაც ვიყავი, 2 კვირა ხმას არა მცემდა. ძლივს შემოვირიგე.
თუ დააკვირდით, რუსებსა და ოსებს შორის როგორი დამოკიდებულებაა?
-იმ ჩემს ძმაკაცს და მის მეგობრებს არაერთხელ შეუგინებიათ რუსებისთვის და უთქვამთ: “აქ ამათი ჩამომყვანის ასე და ისეო“, მაგრამ ვის რას დააბრალებენ? თვითონ შეეკვრნენ რუსებს და ახლა იყვნენ ეგრე. ერთი ყვებოდა, ჯავაში ვიღაც რუსმა ოფიცერმა როგორ მოიტაცა 18 წლის ოსი გოგო და 1 თვის მერე მოიყვანა უკან. იმ გოგოს ოჯახი რუს გენერალთანაც მისულა საჩივლელად, მაგრამ ვინ დაიცავდა მაგათ? ქალაქში ისე დადიან, როგორც თავიანთ ქვეყანაში. ოსებს სულ ზემოდან ელაპარაკებიან და ოსებიც გრძნობენ ამას, მაგრამ რა გინდა რომ ქნა?
თბილისში ბოლო დროს მანქანების მოტაცების შემთხვევები გახშირდა. როგორ ფიქრობთ, არის შანსი, რომ ეს მანქანები ცხინვალში, თუნდაც თქვენს ნაცნობ ავტოპროფილაქტიკაში მიჰყავდეთ?
-გამორიცხული მართლა არაფერია. ოსები და ქართველები, ვინც მანქანებზე ადრე ერთად “ჩალიჩობდნენ”, შეიძლება დღესაც ადვილად გამონახონ საერთო ენა. ცხინვალში კოკოითის ხალხი მოპარულ მანქანებს ორ-სამ საათში “კრასკას” ასხამდა, ცხინვალის ნომრებს აკრავდა და მეორე დღეს ეგრევე თბილისში გადმოჰყავდათ დიღმის ავტობაზრობაზე. ქართველები თუ მაგალითად, ახალ ნივას 3000 დოლარად ჰყიდდნენ, ოსებს რა ენაღვლებოდათ? 700-800 დოლარად წუთებში თავიდან იშორებდნენ და უკვე ახლის ჩამოსაყვანად მიდიოდნენ.
როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ, თქვენც ხართ გაყოლილი ოს ნაცნობს მანქანებზე “საჩალიჩოდ“...
– სულ შემთხვევით მოხდა ყველაფერი. ეს ამბავი დაახლოებით ოთხი წლის წინ მოხდა. მობილურ ტელეფონზე დამირეკა ერთმა ჩემმა ოსმა ძმაკაცმა, რომელიც იმის მერე არც მინახავს. ჩემი ტელეფონის ნომერი საერთო ნაცნობისგან გაეგო და მთხოვდა, შენ ბათუმში ხშირად დადიხარ და იქაური სიტუაციაც გეცოდინება, მანქანა მყავს გასაყიდი, წამომყევი, დამეხმარე და ვალში მეც არ დაგრჩებიო. უარის თქმა არ გამოდიოდა. მეორე დღეს მართლაც გამომიარა მანქანით და წავედით ბათუმში.
ერთ მის ოს მეგობარს წინასწარ დაებარებინა, ბათუმში რომ ჩამოხვალთ, აქა და აქ მოდით და პრობლემები არ იქნებაო. მაგრამ ბათუმამდე ჩასვლა ხომ უნდოდა? ერთი სიტყვით ჩავედით. ის ბინაც მოვნახეთ და რას ვხედავ? ძალიან მაგარ სახლში, რომელიც თავიდან სულ მცირე მინისტრის რეზიდენცია მეგონა, 10-15 ოსია დაბინავებული. ეს ჩემი ძმაკაცი კი მეუბნებოდა, მარტო მანქანის გასაყიდად მივდივარ და სხვა არაფერი მინდაო. მანქანა რომ გაყიდა, ერთი რესტორანი იკისრა და თავად ისევ ბათუმში დარჩა. როგორც ბოლოს გავარკვიე, ეს მანქანა მოპარული ყოფილა და საერთოდ მანქანის გაყიდვა სულაც არ იყო მთავარი მიზეზი. ამ ყველაფერს ნარკობიზნესის სუნიც უდიოდა. თუმცა დარწმუნებით ამის თქმაც მიჭირს.
უფრო მაღალი ანაზღაურება რომ შემოგთავაზონ, კიდევ გარისკავთ ცხინვალში სამუშაოდ წასვლას?
– არა. ეს გამორიცხულია! ერთხელ რომ გავრისკე ეგეც საკმარისია! მე ცოლი მყავს და შვილი, და თან ეგეთი რისკებისათვის უკვე ძალიან ბებერი ვარ.