სასიამოვნო იყო ჯეიმს აპატურაის მხრიდან იმის მოსმენა, რომ საქართველო ყველა ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს

სასიამოვნო იყო ჯეიმს აპატურაის მხრიდან იმის მოსმენა, რომ საქართველო ყველა ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს

სასიამოვნო იყო ჯეიმს აპატურაის მხრიდან იმის მოსმენა, რომ საქართველო ყველა ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"როგორც ყოველთვის შეხვედრა ძალიან საქმიანი და გულახდილი იყო. ჯეიმს აპატურაი წლების განმავლობაში საქართველოზე მუშაობს და ძალიან კარგად არის ინფორმირებული ყველა დეტალზე. სასიამოვნო იყო მისი მხრიდან მოსმენა იმისა, რომ საქართველო ყველა ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს ნატოსთან, განსაკუთრებით უელსის სამიტის შემდეგ. თანამშრომლობის ინტენსიურ რეჟიმზე გადასვლა ეს არის უკვე მომზადებული პროცესი და ამ თვალსაზრისით ჩვენ არანაირი პრობლემები არ გვემუქრება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

მისივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ საერთო საფრთხეებს, რაც საქართველოს და ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც "რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო ემუქრებათ".

"ჯეიმს აპატურაის მადლობა მოვახსენე ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებებისთვის, რომელიც იყო დროული და ადეკვატური სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. აგრეთვე იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს იმ პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებებზე გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც ჩვენ უელსის სამიტის შემდეგ ველით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.