"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პარლამენტის ნდობის ჯგუფს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2013 წლის საიდუმლო ხარჯების გასაჯაროებას სთხოვს.
როგორც გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ გაიმართა პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა, რომელსაც თავად არ ესწრებოდა. მისივე განცხადებით, იქ განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული საკითხები.
"მე მისი ხუშტურების განხორციელებაში არ მივიღებ მონაწილეობას. სხდომაზე მოხდა საინტერესო რამ, აუდიტის სამსახურის მიერ მოტანილი მასალები, რომლებიც უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში, თითქმის აბსოლუტური ნაწილის განსაჯაროება მოითხოვა ნდობის ჯგუფმა, იქ იყო 2011-12 წლის მასალები შს სამინისტროსთან მიმართებაში და იყო 2013 წლის ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, რომლიც განსაჯაროებაც ასევე მოითხოვა ნდობის ჯგუფმა და არ მოითხოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2013 წლის საიდუმლო ხარჯების განსაჯაროება", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისივე განცხადებით, 2011-12 წლების საიდუმლო ხარჯები არის განსაჯაროებული და სწორედ მათ საფუძველზე წაეყენათ ბრალი მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას და ქონება დაუყადაღდა.
"ნდობის ჯგუფის წევრებს მოვუწოდებთ, მოითხოვონ 2013 წლის საიდუმლო ხარჯების განსაჯაროება და გააკეთონ ეს ახლავე. ამას არ ჭირდება სპეციალური სხდომის ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მექნება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ამის დაფარვაში მონაწილეობს ნდობის ჯგუფის უმრავლესობა. თუ მოხდა ამ მასალების განსაჯაროება, ჩვენ გვექნება საშუალება ვნახოთ, მას შემდეგ, რაც 2013 წლის თებერვალში პარლამენტმა გადასცა დაქვემდებარებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრემიერ-მინისტრს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ხომ არ ხორციელდებოდა მისი განკარგულებით იგივე ხარჯების გაწევა? პრემიერის იგივე ბრძანებულების საფუძველზე სახელმწიფო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი დაცვის უფროსის მიერ და ეს თუ ასეა, რაზეც ძალიან სერიოზული ეჭვი არსებობს, მაშინ რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში? უნდა წაეყენოს ბრალი ბიძინა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს, თუ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა სააკაშვილისა და ჯანაშიას მიმართ", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისივე განცხადებით, თუ ამ ხარჯების განსაჯაროებაზე პრემიერ-მინისტრი იტყვის უარს, ყველაფერი გასაგები იქნება და თუ ხარჯები განსაჯაროვდება, მაშინ ყველას ექნება საშუალება თავად გამოიტანოს დასკვნა, თუ რასთან აქვს საქმე.