ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.
როგორც დავით ბაქრაძემ აპატურასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, სადაც ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი, აქცენტი გაკეთდა უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის განხორციელებულ ნაბიჯებზე.
"რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. განვიხილეთ. ასევე, რუსეთის ფედერაციის და სოხუმის რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება, როგორც ნაბიჯი, საქართველოს რეგიონის ანექსიისაკენ", -განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ეს შეიცავს საფრთხეს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე რეგიონისთვის.
"ჩვენ შეგვაქვს სერიოზული წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნატო-სთან. ჩვენ გავაგრძელებთ ყოფნას ავღანეთში და ჩვენს მონაწილეობას გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში, რომელიც 2015 წლიდან გაგრძელდება და ავღანეთის შეირაღებული ძალების მხარდაჭერას, წვრთნას და აღჭურვას შეუწყობს ხელს", -განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მან დღეს ჯეიმს აპატურაისთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ.