კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელმარ ბროკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ახლა არ არის დრო მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გახილვის.
როგორც ჯეიმს აპატურაიმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი კომპეტენცია არ არის კომენტარი გააკეთოს ევროპარლამენტარის წარმომადგენლის განცხადებაზე.
აპატურაიმ მოკლედ მიმოიხილა სამივე ქვეყნის ნატოს_სთან ურთიერთობის კუთხით არსებული ვითარება.
"მოდით ასე ვთქვათ - მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა და მას ნეიტრალურობის სტატუსის შეცვლაზე გეგმები არ გააჩნია. იქ არ დგას ნატო-ს წევრობის საკითხი. უკრაინას რაც შეეხება, ნათლად და გამოკვეთილად არც მას მიუთითებია, რომ იგი უახლოეს მომავალში ნატო-სკენ იმოძრავებს. უფრო მეტიც, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხაზი გაუსვა, რომ პირველი პრიორიტეტი ქვეყანაში რეფორმების გატარებაა. ჩვენ ვიზიარებთ მის ამ გამონათქვამს და ვთვლით, რომ მათი პრიორიტეტი რეფორმებია და დახმარებასაც გავუწევთ.
რაც შეეხება საქართველოს, აქაც ყველაფერი ნათელია, მაგრამ განსხვავებული თვალსაზრისით. ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, ეს არის ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოს გადმოეცა, თავისი სტრუქტურით და არსით შედგენილია იმისთვის, რომ საქართველოს გაუწიოს დახმარება გაწევრიანების გზაზე", - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ამ კონტექსტში შეიძლება ელმარ ბროკი გარკვეულწილად სწორ განცხადებას აკეთებს, რადგან ამ ეტაპზე წევრობაზე საუბარი არ მიდის.
"საუბარია წევრობისკენ მიმავალ გზაზე, პაკეტით განსაზღვრული ნაბიჯების შესრულებაზე", -განაცხადა აპატურაიმ.