პატრიარქმა ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა, ზამთარში ადამიანებს სახლების გარეშე ნუ დატოვებენ

პატრიარქმა ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა, ზამთარში ადამიანებს სახლების გარეშე ნუ დატოვებენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა, ზამთარში ადამიანებს სახლების გარეშე ნუ დატოვებენ. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. უწმინდესმა და უნტერესმა ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადგებით მიმართა და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა. პატრიარქის თქმით, ტაძარი ეს არის სასუფევლის კარიბჭე და ბედნიერია ის ადამიანი და ოჯახი, რომელიც ამ კარიბჭის წინ დგას.

"ტაძარი ეს არის კარიბჭე სასუფევლთან. ბედნიერია ის ადამიანი და ოჯახი, რომელიც დგას ამ კარიბჭის წინ, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს ტაძრის მნიშვნელობას. ტაძარში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, მადლი სულისა წმინდისა. მე მახსენდება როდესაც ვიწყებდით წმინდა სამების ტაძრის მშენებლობას, როდესაც ჩვენ ტაძრის ასაშენებლად ამოვიღეთ ღრმული, ბევრი ფიქრობდა, რით უნდა ამოვსებულიყო ეს ღრმული, შევძლებდით თუ არა ტაძრის მშენებლობას. ჯერ კიდევ არაფერი არ იყო და ჩვენ ვგრძნობდით, რომ იმ ადგილზე განსაკუთრებული მადლი ტრიალებდა. ხალხს წასვლაც კი არ უნდოდა იქედან. ღმერთმა ამოავსო და აგვიშენა ეს ტაძარი და ამასთან ერთად - ჩვენმა ხალხმა. საერთოდ რასაც აკეთებს ადამიანი, ეს არის მისი ავტოპორტრეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიწმინდის ძალა უხვად არის გადმოსული საქართველოზე. ყოვლადწმინდა სამების ტაძარი უფალმა აგვაშენებინა", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას ასევე გაიხსენა თავისი ბავშვობა, როგორ ემზადებოდნენ მისი მშობლები შაბათ-კვირას ტაძარში წასასვლელად. უწმინდესმა ასევე გაიხსენა ვლადიკავკაზში წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარი და ტაძრის ეზოში დასაფლავებული წარმოშობით ბერძენი წმინდა ანასტასია ანდრეევას საფლავი. უწმინდესის თქმით, იგი სასწაულმოქმედი ადამიანი იყო და 1932 წელს გარდაიცვალა. პატრიარქმა ქადაგებისას მრევლს მოუთხრო, თუ როგორ იხილა ერთხელ წირვის შემდეგ მისმა დედამ და ასევე 17 ადამიანმა ანასტასიას საფლავზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრით ხელში.

პატრიარქმა ქადაგებისას გაჭირვებულ ხალხზეც ისაუბრა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოში მასთან ხშირად მიდიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ბანკში სესხის გამო სახლები დაკარგეს. უწმინდესმა ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა, ზამთარში მაინც ნუ გამოასახლებენ ამ ადამიანებს თავიანთი საცხოვრებლებიდან.

"მინდა გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას შევეხო. ხალხმა ბანკებში სესხები აიღეს და სახლები ჩადეს. ბანკს გამოყავს სახლიდან და ამ შუა ზამთარში ისინი გარეთ რჩებიან. ვთხოვ ბანკის ხელმძღვანელებს, ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. მოდიან შემდეგ ეს ხალხი საპატრიარქოში და ამის გამო ტირიან. ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ იყოს გაყიდული", - აღნიშნა უწმინდესმა.

უწმინდესი ქადაგებისას ბოლო პერიოდში მოსახლეობაში გამოვლენილ აგრესიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხალხს აგრესია მოედო და მათთვის სიმშვიდე და მოთმინება ითხოვა უფლისგან.