ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტი რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. "ხელშეკრულების" გაფორმებას აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციის კიდევ ერთ ფაქტორად აფასებს.
ჟან-კლოდ ფრეკონი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინაში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებს გმობს და აღნიშნავს, რომ ეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ეწინააღმდეგება.
"აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და ჩვენ არ შეგვიძლია ვაღიაროთ ე. წ. "ხელშეკრულება", რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული" - ნათქვამია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტის ჟან-კლოდ ფრეკონის განცხადებაში.
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. "ხელშეკრულების" ხელმოწერასთან დაკავშირებით კონგრესმა საკუთარი პოზიცია 2014 წლის ოქტომბრის სესიაზე გამოხატა და წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. "ხელშეკრულება" 24 ნოემბერს სოჭში გაფორმდა.