თედო ჯაფარიძე - უკრაინასთან კონტაქტის თვალსაზრისით საგარეო უწყება უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო

თედო ჯაფარიძე - უკრაინასთან კონტაქტის თვალსაზრისით საგარეო უწყება უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო

უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენი საგარეო უწყება უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, მთავრობის წარმომადგენლები უფრო ხშირად უნდა ჩასულიყვნენ კიევში და მაშინ ელჩსაც უკეთ გაეხსნებოდა ხელები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ უკრაინის მთავრობაში ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნასთან და ასევე მოქმედი ელჩის ზვიად ჯანყარაშვილით შეცვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

თედო ჯაფარიძის შეფასებით, კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა გარკვეულ უხერხულობებს ქმნის, მაგრამ თავად უკრაინის სუვერენული უფლებაა და საშინაო პოლიტიკის საკითხია, თუ ვის დანიშნავს მინისტრად. 

რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას შესაძლო შეცვლის საკითხს, ჯაფარიძის შეფასებით, მარტო უკლება ვერაფერს გახდება. 

"მიხეილ უკლება ჩემი ახლო მეგობარია, ის უმაღლესი რანგის პროფესიონალია და ძალიან კარგი ელჩია, მაგრამ მარტო ელჩი ვერაფერს გახდება. უფრო აქტიური უნდა ყოლფილიყო უკრაინასთან კონტაქტის თვალსაზრისით საგარეო უწყება, მთავრობის წევრებიც უფრო ხშირად უნდა ჩასულიყვნენ ვიზიტით კიევში და მაშინ ელჩსაც უკეთ გაეხსნებოდა ხელები. მიხეილ უკლებას ზვიად ჯანყარაშვილით შეცვლის თაობაზე საგარეო კომიტეტს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. არ ვიცი, რა სტატუსით ჩადის უკრაინაში ზვიად ჯანყარაშვილი, როცა იქ გვყავს მოქმედი ელჩი", - განუცხადა ჟურნალისტებს თედო ჯაფარიძემ და აქვე დასძინა, რომ "ბოლო დროს ხშირია ორი ერთნაირი რაღაცის შექმნა".

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილით ჩანაცვლებას უარყოფს.

როგორც ბრიუსელში მყოფმა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და მიხეილ უკლება მუშაობას აგრძელებს.