საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილით ჩანაცვლებას უარყოფს.
როგორც ბრიუსელში მყოფმა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და მიხეილ უკლება მუშაობას აგრძელებს.
"ბატონი უკლება არის ადგილზე. ის აქტიურად მუშაობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე უკრაინაში, რომელიც დაგეგმილია მომავალი წლის დასაწყისში. მანამდე იქნება რამდენიმე მინისტრის ვიზიტი უკრაინაში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მინისტრმა ყველას სთხოვა, რომ აჟიოტაჟი ამ თემებთან დაკავშირებით არ ატეხოს.